Frostpunk
Frostpunk ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში რომ იყო თამაშების გამოფენა, იქ ვნახე დემო ვერსიად გაშვებული და მას მერე სულ მიტრიალებს მისი სახელი ხან სად, ხან სად. რამდენიმე დღის წინ გავუშვი უბრალოდ საცდელად და გამოვრთე დილით)
ამ ტექსტს ძალიან ფრთხილად ვკრეფ, რადგან ეს ის იშვიათი თამაში გამოდგა, სადაც შეიძლება პირდაპირ სპოილერი არ დაწერო, მაგრამ მომავალ მოთამაშეს ისეთ დეტალებზე მოუყვე, რომელიც აუცილებლად თვითონ უნდა აღმოაჩინოს თამაშისას. ძალიან ამდიდრებს ექსფერიენსს მოთამაშის თვითონ, თანდათან გარკვევა იმ მექანიკებში, რომლებსაც Frostpunk-ში შეხვდებით, ამიტომ მეტწილად შთაბეჭდილების გადმოცემით შემოვიფარგლები და მინიმალურად შევეხები გეიმფლეის დეტალებს.
თუ აბსოლუტურად 0 ხელის შეშლა გინდათ ამ მხრივ, მაშინ გირჩევთ სქრინებიც არ გახსნათ. სქრინებადაც სულ რამდენიმე შოთს ვდებ, რომელიც შენების პროცესში გადავიღე.
არ ვდებ სქრინებს მოსიუჟეტურო ეპიზოდებიდან.
ჩემი, როგორც ჟანრის მოყვარულის აღფრთოვანება
პატარა პერსონალური გადახვევით დავიწყებ თემას.
იდეაში რასაც "ამ ჟანრის თამაშებს" ვუწოდებთ, ვთამაშობ უკვე დეკადაზე მეტია.
პერსონალურ კომპიუტერზე ჩემი პირველი თამაში იყო Age of Empires II, რომელიც მამაჩემს ეწერა ძველ დელის ლეპტოპზე. ყოველ დღე საღამოს 8 საათის მოსვლას ველოდი, რომ მამაჩემი მოსულიყო და მე Age of Empires 2-ში ჩემი აშენებული იმპერიით მტრის რაზმები დამეხოცა. ცოტა ხნის მერე კიდევ ერთი თამაში აღმოჩნდა ამ დელის ლეპტოპზე, რომელიც ფორმატით ძალიან წააგავდა მეორე ეიჯს, მაგრამ რაღაც ფუნდამენტალურით განსხვავდებოდა - აქაც ზემოდან უყურებდი შენს ცივილიზაციას, ფიქრობდი ინდუსტრიის განვითარებაზე და ქმნიდი იუნითებს, მაგრამ არავის ხოცავდი. ეს თამაში იყო Transport Giant, რომელიც მართალია Age of Empires 2-ივით დღემდე არ წერია ჩემი აქტიური თამაშების ბიბლიოთეკაში, მაგრამ ჩემი ერთერთი უსაყვარლესი თამაშია, რომელიც ყოველთვის კარგად გამახსენდება.
Transport Giant-ის შემდეგ ეკონომიკური სტრატეგიების ჟანრში ბევრი თამაშების სერია ვნახე:. Sim City, Traffic Giant, Civilization, Cities in Motion, Railroad Tycoon / Empire / Corporation, Cities XL / XXL, Imperium Romanum, Grand Ages: Rome, Anno, Tropico, Cities: Skylines…
...და Frostpunk.
ჟანრის სხვა არც ერთ თამაშში არ მინახავს ასეთი დაკავშირება ინდუსტრიის მართვის და დინამიური სიუჟეტის;
რეალობაში არ მიგრძვნია ის ამინდი, რაც თამაშის სამყაროშია;
არცერთ თამაშში ამდენი წუთი არ მიფიქრია ორ არჩევანს შორის გადაწყვეტილებაზე;
და არცერთ თამაშში არ მომდომებია სცენარიოს (კამპანიის) დახურვისთანავე მისი თავიდან გავლა.
ხაზს ვუსვამ, რომ ჟანრის თამაშებთან ვაკეთებ შედარებას, იმის აღსანიშნავად, რომ რამდენად კარგად აერთიანებენ დეველოპერები წიაღისეულის და ადამიანის რესურსების მენეჯმენტს სიუჟეტთან და როგორ ატმოსფერულად მოაქვთ ამ ყველაფრის პრეზენტაცია.
https://i.imgur.com/Uo8fJ3G.png
კომფორტი -40 გრადუსში
ძალიან ხშირად ამ ჟანრს ერიდებიან კომპლექსურობის გამო. შეიძლება გიყვარდეს კიდეც ეს ჟანრი, მაგრამ უბრალოდ არ ჩართო საღამოს, იმიტომ რომ "ახლა ამის თავი არ გაქვს..."
თუ ასეთი შეგრძნება გაქვთ Frostpunk-ის მიმართ, გირჩევთ უბრალოდ ჩართოთ და 5-10 წუთი მისცეთ თამაშს. პირობას გაძლევთ, რომ -40 გრადუს ყინვაში თავს ასე კომფორტულად პირველად იგრძნობთ.
უშუალოდ კომპლექსურობას რაც შეეხება, ჩართვისას შეიძლება რთულად გეჩვენოთ, მაგრამ პირადი გამოცდილებით 1 გასვლა გასაცნობად დამჭირდა (სადღაც 2-3 საათში გამაძევეს ჩემივე ხალხმა ცუდი ლიდერობის გამო)), მეორე ცდაზეც იგივე დამემართა, რადგან ძაან ექსპერიმენტობას შევყევი და ამასობაში რესურსების მენეჯმენტი გამექცა, აი მესამედ უკვე ისეთი ბაზა დავაწყვე, რომ ბოლო რამდენიმე ingame დღე რომ არაფერი მეკეთებინა, მაინც გადარჩებოდა ჩემი დასახლება.
https://i.imgur.com/6RR4MNW.png
Frostpunk და Vampyr
ბოლოს ასე, ერთი ამოსუნთქვით ჩამითრია ფორუმზე უკვე კარგად ცნობილმა და გარჩეულმა Vampyr-მა.
საერთო, რაც ამ ორ თამაშს შორის ეგრევე დავიჭირე არის დეტალებისადმი ყურადღება, ატმოსფერულობა და რაც ძალიან ძალიან ცოტა თამაშს თუ ექნება - ადამიანური გასაჭირის ჩინებული პრეზენტაცია.
https://i.imgur.com/tVGCF3X.png
თამაშის პარალელურად ეგრევე გაგირბის ფიქრები, როგორი იქნებოდა რეალობაში ეს ყველაფერი, რასაც ეკრანზე ხედავ. თვალს ადევნებ მოსახლეობის ცვალებად ფსიქოლოგიას, თუ როგორ ეცვლებათ ფიქრები მათ მდგომარეობაზე და ასევე შენზე, როგორც ლიდერზე. ხედავ როგორ უღამდებათ გადარჩენისთვის შრომაში, ღამის ციკლის განმავლობაში კი უბრალოდ კი არ აგრძელებ თამაშს, არამედ ფიქრობ მუშათა ნაწილი ღამითაც ხომ არ ამუშავო, რომ მთლიან დასახლებას უკეთესი დილა გაუთენდეს, ამ ყველაფრის ფონზე ცდილობ აუმაღლო იმედი და შეუნარჩუნო მუშაობის მოტივაცია.
თამაშის დასაწყისიდანვე ჩემი ყურადღება მიიქცია თუ როგორ დაიწყო აუარებელ თოვლში ჩემმა ხალხმა სიარულით არხების გაყვანა. ასე მძაფრად პირველად დავინახე და ვიგრძენი არაფრისგან ცივილიზაციის საწყისის შექმნა.
https://i.imgur.com/L5InbiO.png
მთავარი ღირებულება ჩემთვის ამ დრამატული საწყისის განვითარებაა, რომელსაც თამაში დინამიკაში გვაძლევს. როგორც ჩვენივე მართვის და მორალური გადაწყვეტილებების შედეგად, ასევე თამაშის მხრიდან შემოთავაზებული ივენთების დახმარებით, ჩვენი ხალხის გადარჩენის თავგადასავალი მათი დასახლების ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მძაფრდება. განსაკუთრებით მომწონს თუ როგორ აქვთ გადაწყვეტილი პატარ-პატარა სიუჟეტური მონაკვეთები, რომელიც როგორც ჩვენს 'სახლში', მაგრამ უფრო ხშირად ექსპედიციაში გაგზავნილი მზვერავების გზაზე გვხვდება.
ამ ყველაფერს ზედ ედება იდეალურად დაწერილი მუსიკალური გაფორმება, რომელიც დრამატულია ნელი თამაშის დროს და მძვინვარებს დრამატიზმის და ადრენალინის მატებასთან ერთად.
https://www.youtube.com/watch?v=uLF6VFM ... XTgeZhtH-G
გადარჩენისთვის
მზად ხართ შეაკავოთ სასოწარკვეთილი ხალხი და დაარწმუნოთ რომ დარჩნენ -40 გრადუსიან ყინვაში.
მზად ხართ თბილი ოჯახებიდან გამოიყვანოთ ხალხი და გაგზავნოთ ყინულის უდაბნოში, შინ თუნდაც ათიოდე შეკვრა ხის მასალის მოსატანად?
მზად ხართ დილის 4 საათზე ააყენოთ მძინარე ხალხი და გაყინულ პოსტებსა და ქარხნებში სამუშაოდ გაუშვათ, მეორე დღეს რომ სხვები მშივრები არ დარჩნენ?
შეძლებთ კარი მიუხუროთ ათეულობით დასნეულებულ ლტოლვილს, რომელთა უკანასკნელი იმედი თქვენი დასახლებაა? თუ იქნებ შეძლებთ შემოშვებას და დამატებითი რესურსის მართვას?