2001 წელს Playstation 2 -ზე გამოჩნდა თამაში სახელად Ico რომელიც Fumito Ueda-ს და მისი დეველოპერული ჯგუფის Team Ico-ს პირველი თამაში იყო. თამაში დასამახსოვრებელი იყო მისი ვიზუალური სტილით, უცნაური სამყაროს დამუშავებული არქიტექტურით (რომელიც შთაგონებული იყო ბერძნული წარმოშობის იტალიელი მხატვრის Giorgio de Chirico გრაფიკული ნამუშევრებისგან), პერსონაჟებით და მინიმალისტური თუმცა ემოციური სთორის გადმოცემით. Fumito Ueda-ს თქმით მას Ico-სთვის კონცეფცია შემუშავებული ქონდა 1997 წელს და მისთვის მთავარი შთაგონება იყო 1991 წელს გამოსული Eric Chahi-ს Another World. თამაშში გამოყენებულმა ვიზუალურმა სტილმა გავლენა იქონია ცნობილ გეიმ დიზაინერებზე: Eiji Aonuma, Hideo Kojima, და Jordan Mechner, რომელთაც მსგავსი სტილი გამოიყენეს საკუთარ თამაშებში Legend of Zelda: Twilight Princess, Metal Gear Solid 3 და Prince of Persia: Sands of Time.
Ico-ს შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ეს ორი თემა:
Ico ავტორი Spawn
Review. ავტორი prince_meo
2005 წლის ოქტომბერში Playstation 2-ზე გამოჩნდა Team Ico-ს მეორე თამაში Shadow of The Colossus (იაპონიაში ცნობილი როგორც Wanda and the Colossus). 2011 წლის სექტემბერში Ico-ს და Shadow of The Colossus-ის HD ვერსიები Playstation 3-ზე გამოიცა. თამაშის თავდაპირველი სახელი იყო Nico (Next Ico) და მოიაზრებოდა Ico-ს გაგრძელებად, სადაც ცხენზე ამხედრებულ ნიღბიან რქიან ბავშვებს კოლოსები უნდა დაემარცხებინათ, თუმცა Ueda-ამ ჩათვალა რომ Ico-ს გაგრძელება აღარ სჭირდებოდა. Ueda გრძნობდა რომ თამაშის შექმნის პროცესში 500 მხატვრიდან მხოლოდ 2-3 თუ აკმაყოფილებდა მის ხედვას და იქამდე შეჰქონდა დიზაინში ცვლილებები სანამ შედეგი მის ხედვას არ დაემთხვეოდა. საბოლოოდ კი თამაშის აუდიო, გეიმფლეი და ვიზუალური სტილი ისე დაამუშავეს რომ მარტოსული გმირის თავგადასავლისთვის შეექმნათ ატმოსფერო და განწყობა. Ico-ს მსგავსად დიდი ყურადღება დაეთმო მთავარი პერსონაჟის და მისი კომპანიონის (რომელიც ამ შემთხვევაში არის ცხენი სახელად Agro) ურთიერთობას.
სამყაროს კონცეფციის, ატმოსფეროს და აჩრდილების ვიზუალური მსგავსების გამო რომელიც ორივე თამაშში გვხვდება, Shadow of The Colossus მოიაზრება Ico-ს სულიერ prequel-ად, თუმცა როგორც Fumito Ueda-მ განაცხადა ეს მისი პირადი შეხედულება უფროა, მისი აზრით ამ ორი თამაშის შინაარსობრივი კავშირი მოთამაშეების გადასაწყვეტია, ხოლო შინაარსობრივი კავშირის არსებობა კი ნამდვილად დაადასტურა.
მისი მინიმალისტური ლანდშაფტის დიზაინების, ჩამთრევი გეიმფლეის და ემოციური თავგადასავლის გამო Shadow of The Colossus ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაშრომად მიიჩნევა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში.
Wander და კოლოსი
თამაშის მთავარი პერსონაჟია ახალგაზრდა ბიჭი, რომლის სახელიც რეალურად ცნობილი არ არის, თუმცა ენდინგის ტიტრებში და სხვადასხვა ინტერნეტ წყაროებში მოხსენიებულია როგორც Wander (ხეტიალი), რაც უბრალოდ თამაშში მისი მოქმედების ამსახველი უნდა იყოს. თამაშიც სწორედ ასე იწყება:
Wander და მისი ცხენი Agro რთულ კლდოვან გზას მიუყვებიან კანიონის კიდეზე. კარგა ხანია რაც ეს ორნი ამ გზას შეუდგნენ და უკან მოიტოვეს უღრანი ტყეები და ცვრით დანამული მდელოები, ჭილობში გახვეული მიაქვთ რაღაც. და აი საბოლოოდ მიადგებიან მაღალ ქვის კარიბჭეს ვიწრო შესასვლელით, რომლის მეორე მხარესაც უზარმაზარი ხიდია გადაჭიმული. ეს ხიდი ერთადერთი გზაა აკრძალული ქვეყნისკენ, მივიწყებული და მიტოვებული, ცარიელი გადაშლილი ველებისა და კანიონების მხარისკენ. ხიდის დასასრულს სამლოცველოა - უზარმაზარი შემორჩენილი ნაგებობა ამ მიწებზე. Wander და Agro სამლოცველოს ძირისკენ დაშვებულ კიბეზე მიიკვლევენ გზას, რომლის ბოლოშიც სამლოცველოს დარბაზი და საკურთხეველი მდებარეობს. დარბაზის ორივე მხარეს სულ თექვსმეტი ქვის კერპი აღმართულა. ბიჭს ხელებში რაღაც უჭირავს - ჭილობში გახვეული მიცვალებულია, ცხედარს საკურთხეველზე ასვენებს, თეთრებში შემოსილი ახალგაზრდა ქალია - Mono. უეცრად ცხენს რაღაც ხმა აფრთხობს, სამლოცველოს მიწიდან რამდენიმე აჩრდილი ამოიზრდება, Wander ბუდიდან ხმალს იძრობს და აჩრდილსკენ იშვერს, ისინიც დაუყოვნებლივ ქრებიან. ამ დროს სამლოცველოს ჭერში გამოჭრილი ღიობიდან, საიდანაც სინათლე ასხივებს, მგრგვინავი ხმა მოისმის, იგი Wander-ს მიმართავს და უკვირს საიდან აქვს მას უძველესი ხმალი, პასუხად ბიჭი ხმას მოიხსენებს სახელით Dormin და ქალისთვის სიცოცხლის დაბრუნებას სთხოვს. Dormin პირობას ართმევს ბიჭს, რომ ქალს სიცოცხლეს იმ შემთხვევაში დაუბრუნებს თუ იგი სამლოცველოში აღმართულ კერპებს გაანადგურებს. ამ კერპების განადგურება მხოლოდ მათი ცოცხალი განსხეულებათა დახოცვით არის შესაძლებელი - თექვსმეტი კოლოსის, რომლებიც აკრძალული ქვეყნის სხვადასხვა მივიწყებულ, სახიფათო და მიუდგომელ ადგილებში ბინადრობენ. Wander პირობას თანხმდება, წასვლის წინ Dormin აფრთხილებს მძიმე საფასურის შესახებ, თუმცა ბიჭს ეს არ ადარდებს და პირველი კოლოსის საძებნელად მიეშურება.
სამლოცველოს საკურთხეველი
პირადი აზრი:
თამაში ოთხი წლის წინ დავხურე. არ ვიცი რამდენად შემიძლია გადმოვცეე ემოცია რაც მე ამ თამაშმა მომცა. ბავშვობიდან მაინტერესებდა სხვადასხვაა ქვეყნების მითოლოგია, ფოლკლორი, უძველესი კულტურები... როდესაც თამაშის ინტრო დაიწყო თითქოს შინაგანად თავგადასავლისთვის მოვემზადე. სამლოცველოდან გასვლა და ჩემთვის მთლიანი სამყაროს ჩუქება ერთი იყო. ვიგრძენი რო სრულიად თავისუფალი ვიყავი სამყაროში მემოგზაურა და დამეთვალიერებინა. სამლოცველოს არქიტექტურამ და ცოტა მოშორებული ადგილიდან შეხედვამ ინტერესი აღმიძრა მთელი სამყაროსადმი, რაღაც უჩვეულო და მისტიური ხიბლი ქონდა, რატომ იყო დაუსახლებელი? რატომ იყო აკრძალული? რატომ მიატოვეს? ცხოველებსაც ვერ შეხვდებოდი - მხოლოდ ხვლიკები და ქორები. როცა პირველი კოლოსი ვნახე ჯერ არ ვიცოდი რა მეფიქრა, მითიურ გიგანტურ არსებასთან დავაკავშირე, შემდეგ იყო მეორე კოლოსი, მესამე, მეოთხე... და ლოკაციები, ყველა კოლოსს საკუთარი "ბუნაგი" ჰქონდა და გადმოსცემდა ლოკაციის ბუნებას. ზოგი აგრესიული იყო, ზოგიც პირიქით... მოკვლისთვის უმეტესობა მენანებოდა, მერე მონოზე ვფიქრობდი და თითქოს პერსონაჟი ვხდებოდი, სხვა გზა არ მქონდა. თითოეული კოლოსის დასამარცხებლად წასვლა მზისკენ ხმლის გაშვერით იწყებოდა და თითოეული გზა ცალკე ეპიზოდური თავგადასავალი იყო ჩემთვის, რომელიც განსხვავებულ გრძნობებს მიტოვებდა - მახსენდებოდა ბერძნული მითები, ცოტა ეგვიპტურიც, შუამდინარული კულტურა, მახსენდებოდა ზღაპრები, ათას ერთი ღამის უდაბნოები, ზღაპარი გაქვავებულ ქალაქზე, ზღვაში არსებულ ანდამატის მთაზე და აღმართულ სპილენძის ქანდაკებაზე, ეს მხოლოდ საუკეთესო თავგადასავალმა შეიძლება მოგცეს. ტყეში შესვლა ზოგჯერ რაღაც სამოთხის ბაღივით იყო, მწვანე დაჩრდილული თავშესაფარი. სიზმარივით რჩებოდა ბოლოს თითოეული "ეპიზოდი".
Wander და Agro ტყეში
უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა მუსიკა რომელიც ზუსტად წარმართავდა ჩემ განწყობას, თითქოს ვიცოდი რა ხასითზე უნდა ვყოფილიყავით მეც და მთავარი პეროსნაჟიც. ამას ყოველთვის თან სდევდა ამოუცნობი სთორი, ისევ ფიქრები მონოზე, ლოკაციებზე, მიზანზე... პერსონაჟს როცა ვიზუალური ცვლილება შევატყვე მივხვდი რაც ვიტვირთე, მივხვდი რომ ჩვეულებრივად არ დამთავრდებოდა ეს ისტორია. ვათვალიერებდი დანგრეულ ნაგებობებს და ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო აქ, ვის უნდა ეცხოვრა, რატომ შეიძლებოდა მიეტოვებინათ და მომდიოდა სხვადასხვა აზრი.
განსაკუთრებული როლი ჰქონდა ამ ყველაფერში გეიმფლეის - თითქოს ჩვეულებრივი პლატფორმერის ტიპის თამაშის სტილში შექმნილი მექანიკებ, მაგრამ თითოეული მოქმედება ბრძოლისას ეპიკურს ხდიდა ყველაფერს. ეს არ იყო თამაში სადაც გიგანტურ არსებასთან ბრძოლისას საჭირო მომენტში სწორ ღილაკზე დაჭერაა საკმარისი, აქ გიგანტურ არსებაზე ისე გრძნობ თავს როგორც მოძრავ "ნაგებობაზე" სადაც ზოგ შემთხვევაში პლატფორმიდან პლატფორმაზეა გადახტომა საჭირო, ზოგჯერ ჩამოკიდება, უსაფრთხო ადგილის პოვნა. ძალიან საინტერესო იყო თითოეული კოლოსის სუსტი ადგილის მოძებნა, ხოლო ამ ადგილზე ხმლის შერჭობა თითქმის მოსასწრები. მომწონდა მოქმედებების მუსიკის მიხედვით აწყობა და შემდეგ ამ მომენტებისთვის ისე ყურება როგორც ეპიკური სათავგადასავლო ფილმისთვის, სადაც ერთდროულად გმირის როლსაც ვირგებდი და გმირსაც ვგულშემატკივრობდი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აგროს როლიც, არ ვიცი რამდენად ინტერესით დავათვალიერებდი სამყაროს რომ არა აგრო, ეს არ იყო მხოლოდ გადაადგილების საშუალება, აგრო ჩემი თანამეგზური იყო, მეგობარი, იმედი მქონდა თითქოს. ზოგჯერ კოლოსთან ბრძოლისას როცა აგროს სადღაც დავტოვებდი და ბრძოლა მხოლოდ ჩემსა და კოლოსს შორის მიმდინარეობდა, დავუსტვენდი ხოლმე და ვიცოდი რო სადღაც ქვემოთ მელოდებოდა ერთგული ცხენი. ზოგჯერ ბრძოლისას ჩამიქროლებდა ხოლმე გვერდით, ვიცოდი გეიმფლეიდან გამომდინარე არაფერი მოუვიდოდა მარა მაინც კოლოსის ფეხს ვუყურებდი არ დაებიჯოსთქო... იშვიათია თამაში რომელსაც ასე შეყავხარ როლში, რომელიც ცოტა ხნით მაინც გაქცევს მზრუნველ პატრონად, მეგობრად, თავდადებულ არსებად, იმის მიუხედავად ხარ თუ არა ეს სინამდვილეში... და ისევ მონო, რომელიც მთელი თამაში საკურთხეველზე წევს - მაინც რატომ მოკვდა? საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო და მაინც ამდენი გავაკეთე მისთვის.
საბოლოო აზრი რო ვთქვა Shadow of The Colossus არ არის უბრალოდ თამაში, ეს არის შედევრი და ხელოვნების ნიმუში რომელიც არც თუ ისე დახვეწილი გრაფიკის მიუხედავად ქმნის და ტოვებს განსხვავებულ შეგრძნებებს ვიზუალით, მუსიკით, თავგადასავლის შეგრძნებით, სთორით, რომელიც ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს ნებისმიერმა მოსწონს ზოგადად თამაშები თუ არა. თუმცა ვის რა ემოცია დარჩება და რამდენად მოეწონება თამაში ეს უკვე სხვა საკითხია.
Gaius- მესამე კოლოსი
The Colossi
კოლოსები უზარმაზარი ქვებისგან აგებული გიგანტებური არსებები არიან.. საინტერესოა ის ფაქტი რომ კოლოსის დამარცხების შემდეგ მის ადგილას ქვისა და მტვრის გროვა რჩება, ხოლო შორიდან ჩანს რომ ამ ადგილიდან ზეცისკენ სინათლის სვეტი იჭრება. მათი როლი თამაშში ძალიან დიდი სიმბოლიზმის მატარებელია და მოთამაშეს ათასგვარი საფიქრალი შეიძლება მისცეს. საინტერესოა ის ფაქტიც რომ ზოგიერთის გარეგნობა და სახელები დაკავშირებულია და შთაგონებულია სხვადასხვა მითებიდან:
Valus (Minotaurus Colossus) - პირველი კოლოსის სახელი შეიცავს ლათინურ პრეფიქსს "val" რომელიც გამოხატავს ძლიერებას, კარგად ყოფნას, პრეფიქსი გამოიყენება ინგლისურ სიტყვებშიც, მაგალითად valor, valued, valiant. ესტონურად სიტყვა Valus ნიშნავს ტკივილს. კოლოსის აღნაგობა მიმსგავსებულია მინოტავრს - ბერძნულ მითოლოგიურ არსებას რომელსაც ნახევრად ადამიანის სხეული და ხარის თავი და ფეხები ჰქონდა.
Quadratus (Taurus Magnus) - კოლოსის სახელი უნდა მიანიშნებდეს მის ოთხ ფეხს.. ეს პირველი კოლოსია რომელიც ოთხ ფეხზე დგას. მისი გარეგნობა კი მიმსგავსებულია ხარისას.. ეს შეიძლება ზოდიაქოს ხარი (კურო) იყოს რომელიც კავშირშია მითთან როდესაც ზევსმა ხარის სახე მიიღო და ევროპე მოიტაცა, ან კრეტის ხართან რომელიც ჯერ ჰერაკლემ შეიპყრო, შემდეგ კი თეზევსვმა და საბოლოოდ ათენას ან აპოლონს შესწირა.
Gaius (Terrestris Veritas) - კოლოსის გარეგნობა დიდებული მეომრის შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი სახელი კი რომაული გაიუსის სახელთან ან გაიას (მიწა) მამრობით გამოხატვასთან უნდა იყოს კავშირში. Terrestris ნიშნავს მიწის ხოლო Veritas - სინამდვილეს, ანუ მიწიერი სინამდვილე.
Phaedra (Equus Bellator Apex) - მერძნულ მითოსში Phaedra (ფედრა) მინოსის შვილი და თეზევსის ცოლია. მითის მიხედვით მან თეზევსის შვილს ჰიპოლიტოსს (სიტყვა hippos ბერძნულად ცხენს ნიშნავს, აქედან მოდის სიტყვა იპოდრომიც) ცილი დასწამა თითქოს იგი მის გაუპატიურებას ცდილობდა. ამისათვის თეზევსმა ჰიპოლიტოსის ცხენები დაწყევლა და პოსეიდონს მის დაღუპვას შეევედრა. ეტლით ზღვისპირას მიმავალ ჰიპოლიტოსს პოსეიდონის მხცემა ცხენები დაუფრთხო, მათ ეტლი გაიტაცეს და ჭაბუკი სასიკვდილოდ დაშავდა. კოლოსი ცხენს გავს, ხოლო Equus Bellator Apex სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც რჩეული საბრძოლო ცხენი
უდაბნო
Avion (Avis Praeda) - კოლოსი ფრინველის გარეგნობით. სიტყვა Avion ლათინურად ფრინველს ნიშნავს, ხოლო Avis Praeda ითარგმნება როგორც Bird of Prey - მტაცებელი ფრინველები რომლებიც ჰაერში ნადირობენ. ასეთი არსებები მრავლად არის მითებში - მაგალითად Roc (ან Rukh არაბულში და სპარსულში) - მითლოგიური მტაცებელი ფრინველი რომლის ფესვები აღმოსავლეთში უნდა იყოს.. ჩანს ათას ერთი ღამის ზღაპრებში - მეზღვაური სინდბადის თავგადასავალში.. ან ფენიქსი რომელიც უფრო გავრცელებულია სხვადასხვა კულტურაში (ბერძნული, არაბული, სპარსული, ჩინური, ეგვიპტური, რომაული, ინდური, ფინიკიური). ქართულ ზღაპრებში ეს ფრინველი არის ფასკუნჯი (მისი წარმომავლობაც აღმოსავლურია).
Barba (Belua Maximus) - კოლოსის სახელი შესაძლოა მომდინარეობდეს სახელიდან Barbas რომელიც ერთერთი დემონის სახელია დემონოლოგიაში. ასევე იტალიურად, ესპანურად და პორტუგალიურად barba წვერს ნიშნავს, რაც ნამდვილად ამშვენებს კოლოსის გარეგნობას. იგი წვეროსანი გოლიათია. სიტყვა belua მოდის ლათინური ძირიდან bela რაც მონსტრს და მხეცს ნიშნავს. ასევე ბერძნულად belos თარგმანია აქადური სიტყვის bel-ის რაც ღმერთს ნიშნავს. სემიტურ ენებში ამ სიტყვის სხვადასხვა ღმერთებს აღნიშნავდნენ (მაგალითად ბაალი, ბელზებელი - ეს სახელები 17-ე საუკუნეში დემონებს დაერქვათ)
Hydrus (Draco Marinus) - სახელი უნდა მომდინარეობდეს სიტყვიდან Hydra. ელინურ მითებში ჰიდრა მრავალთავიანი წყლის ურჩხულია რომელიც ჰერაკლემ დაამარცხა. სიტყვა hydrus აღნიშნავს ზღვის გველს. Draco Marinus კი ზღვის დრაკონს, რომელიც მსოფლიოს მითებსა თუ ფოლკლორში ძალიან გავრცელებული არსებაა.
Kuromori (Parietinae Umbra) - კოლოსის სახელი იაპონური შედგენილობისაა.. kuro - შავი ხოლო imori - ტრიტონია, სალამანდრას სახეობა (ხვლიკის მსგავსი ამფიბია. ზოგიერთი ტრიტონი მტაცებლისგან თავს იცავს შხამით). სალამანდრაზე ცნობები ანტიკური ხანიდან ჩანს ბუნების ისტორიაში და ფილოსოფიაში.. მასზე მითები, ლეგენდები და სიმბოლიკა კი საუკუნეების განმავლობაში მუშავდებოდა. Parietinae Umbra ნანგრევის ან კედლის აჩრდილს ნიშნავს.
Basaran (Nimbus Recanto) - გიგანტური კუს გარეგნობის კოლოსი. ლათინურად პრეფიქსი basa სხვადასხვა მძიმე ქანების აღმნიშნელად გამოიყენება კვარციდან დაწყებული ბაზალტით დამთავრებული. საინტერესო ფაქტია რომ ბაზალტის მოპოვება შესაძლებელია გეიზერის ამოფრქვევის შემდეგ. ეს ყველაფერი შეიძლება მიანიშნეებდეს კოლოსის ბაკანზე და მის ადგილმდებარეობაზეც სადაც გეიზერები იფრქვევა. მითები გიგანტურ კუზე არის ჩინურ, ინდურ და ინდიელთა კულტურებში.
Dirge (Harena Tigris) - სიტყვა dirge სამგლოვიარო გალობას ნიშნავს, რომელსაც ხშირად დაკრძალვის ცერემონიებზე იყენებენ. შეიძლება ეს სახელი კოლოსის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელიც არის. იგი მიწისქვეშ ცხოვრობს და გვირაბებს თხრის. Harena ლათინურად ქვიშას აღნიშნავს. აქედან უნდა მოდიოდეს სიტყვა არენაც რადგან კოლიზეუმშიც გლადიატორული თამაშები ქვიშაზე იმართებოდა. Tigris კი ძალიან სწრაფსაც აღნიშნავს, ვეფხვსაც და მესოპიტამიის მდინარის სახელიცაა.
Phalanx - მეცამეტე კოლოსი
Celosia (Ignis Excubitor) - Celosia ყვავილის სახეობაა. ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს დამწვარს. Ignis Excubitor ცეცხლის მცველს აღნიშნავს, რაც სიმბოლურია - მის ტაძარში მარადიული ცეცხლია. კოლოსი გიგანტურ ტახს გავს. ასეთი ტახები სხვადასხვა მითოსში გვხვდება. ჰინდუ მითოსში ვიშნუს მესამე ავატარი Varaha არის ტახი, ცხოველი კი კოსმიური ძალის წყაროდ მიიჩნევა. სპარსულ მითოლოგიაში ტახი Mithra-ს ცხოველი და ღმერთ Verethragna-ს განსხეულებაა. თავად მითრა ქვისგან დაიბადა, ერთ ხელში მახვილი ეჭირა მეორეში კი ჩირაღდანი.. ზოგი ვერსიით მითრას დაბადება ანთებული ჩირაღდნებით და სანთლებით აღინიშნებოდა. სკანდინავიურ მითოსში ღმერთ Frey-ს ყავდა ჯუჯების გამოჭედილი ოქროსფერი ტახი - Gullinbursti (რაც ოქროს ჯაგარს ნიშნავს).
Pelagia (Permagnus Pistrix) - სიტყვა Pelagia ბერძნული წარმოშობისაა და გაშლილ ზღვას ნიშნავს ხოლო Permagnus Pistrix - დიდ ზღვის მხეცს. სიტყვა Pistrix გამოიყენება ზღვის მხეცის აღსანიშნავად და მოიხსენიებოდა ვეშაპების და ზვიგენების გამოსახატად. სიტყვას კავშირი უნდა ჰქონდეს ლათინურ piscis-თან, რაც თევზს ნიშნავს.
Phalanx (Aeris Velivolus) - კოლოსი გარეგნობით მფრინავი გველია გვერდებზე ფრთებით, სიგრძეში კი ყველა კოლოსს აღემატება. სიტყვა Phalanx ბერძნულად თითს ნიშნავს, შესაძლოა ეს კოლოსის ძვლოვან ვიზუალს ეხმიანება, Aeris Velivolus - კი საჰაერო მეზღვაურს.
Cenobia (Clades Candor) - კოლოსი გარეგნობით ლომს გავს.. მისი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს ლათინური cenodoxia-სგან რაც ნიშნავს პატივმოყვარეობას, გადამეტებულ სიამაყეს. Clades Candor ლათინურად განადგურების მოსურნეს ნიშნავს. კოლოსი ტაძართან იცდის, რაც შეიძლება კავშირში იყოს ქანდაკებებთან რომელსაც ლომის ფორმა ან თავი ჰქონდა, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქანდაკებები სამლოცველოებთან და სახლებთანაც კი იდგა, რადგან სჯეროდათ რომ ბოროტ ძალებს აფრთხობდა. იაპონიაში ასეთი არის Shiisa, ჩინეთში Shishi (ნიშნავს ქვის ლომს). ლომის ტანი აქვთ შუამდინარულ Lamassu-ს და ეგვიპტურ სფინქსს.
Argus (Praesidium Vigilo) - კოლოსის სახელი ბერძნულად აღმნიშვნელია სინათლის, მანათობელის. ბერძნულ მითოსში იყო პერსონაჟი არგოსი - Argus Panoptes (ყოვლის მხილველი) - ასთვალა ბუმბერაზი. მას ერთი თვალი თავზე ხოლო დანარჩენი სხეულზე ჰქონდა. მითოლოგია იცნობს ათასთვალიან არგოსსაც, რომელიც ვარსკვლავიანი ცის სახით დარაჯობს რქოსან იოს (მთვარეს). არგოსი კეთილი ბუმბერაზი იყო რომელმაც მოკლა მაოხრებელი ხარი, ურჩხული ექიდნა და მტაცებელი სატირი რომელიც არკადიას აოხრებდა. არგოსი მცველად ჰერამ მიუჩინა ძროხად ქცეულ იოს, რათა ზევსი არ მიკარებოდა. Praesidium Vigilo ფხიზელ მცველს ნიშნავს.
Malus (Grandis Supernus) - სიტყვა Malus რომელიც მოდის ლათინური სიტყვიდან mal - ბოროტს, მახინჯს, უიღბლოს აღნიშნავს. ინგლისურად შესატყვისი შეიძლება მოეძებნოს სიტყვაში malice (ბოროტება, ღვარძლიანობა, სიავე). Grandis - მოხუცს, ზრდასრულს, დიდებულს და ძლიერს ნიშნავს ხოლო Supernus - ციურს, ზეციურს, დიადს და ღვთიურს. კოლოსი განასახიერებს დიდებულ ჯადოქარს და არის ყველაზე მაღალი კოლოსი. კოლოსთან ბრძოლისას ღამე და წვიმაა რაც სიმბოლურად შეიძლება მის მრისხანებას, ტანჯვას ან ღვარძლს გადმოსცემდეს. მითებში ხშირად ჯადოქრობა ღამესთან ასოცირდებოდა, მაგიური რწმენით კი ადამიანი ბუნების ძალთა პატრონიც ხდებოდა.
>>>